PIN ხელს უწყობს ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციას
გამოქვეყნებული 26 ოქტ. 2018 წასაკითხი დრო 5 წუთი Sdílet: Sdílet článekმეორე შანსი: გამოსყიდული და გადაფასებული ცხოვრება
მამუკა ქალაქ გორიდანაა. მისი ყოველი დილა სასიამოვნო ფუსფუსითა და ფუტკრის სკებზე ზრუნვის პროცესით იწყება. მეფუტკრეობა მამუკას ახალი პროფესიაა, თუმცა, მისი შემთხვევა სრულიად უჩვეულოა.

სამი წლის წინ, მამუკა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს, ის მეფუტკრეობით დაინტერესდებოდა. სამი წლის წინ, მას არც კი გააჩნდა მომავალი. თუმცა დღეს, ის იმედით არის აღსავსე. მამუკას მტკიცედ სწამს, რომ მისი ბიზნესი იქნება წარმატებული, მომავალი კი - ბედნიერი. ახალი საქმიანობით - მეფუტკრეობით, თითქოსდა დაიწყო იმ კოშმარული პერიოდის დასასრული, რომელიც თავს დაატყდა მამუკასა და მის ოჯახს. მან ხომ სულ ახლახანს დატოვა ციხის კედლები.
მამუკა თვლის, რომ მეფუტკრეობა ღვთის მიერ ბოძებული შესაძლებლობაა, მეორე შანსია ახალი ცხოვრების დაწყებისა.
იმისთვის, რომ სრულად ჩავწვდეთ მამუკას ამბავსა და მის მნიშვნელობას, გადავინაცვლოთ წარსულში, კერძოდ, 2015 წელს.
2015 წელს, მამუკა მარიამიძე იყო 41 წლის ერთი რიგითი, კანონმორჩილი მოქალაქე, წარსული ნასამართლეობის გარეშე.
თუმცა, სამწუხაროდ, ერთ დღეს, ის დააკავეს იარაღის შენახვის ბრალდებით და მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. პატიმრობა ნამდვილი ჯოჯოხეთი აღმოჩნდა ადამიანისთვის, რომლისთვისაც სრულიად უცხო იყო სატუსაღო და კრიმინალებთან ურთიერთობა. ეს იყო პირადი ტრაგედია როგორც მამუკასთვის, ასევე მძიმე განსაცდელი მისი ოჯახისთვის - მამის, მეუღლისა და 15 წლის ვაჟისთვის. ოჯახის ახლობლებმა მტკივნეულად განიცადეს თავს დატეხილი უბედურება. მამუკას მამამ ვერ გაუძლო დატრიალებულ ტრაგედიას და შვილის პატიმრობის ექვსი თვის თავზე, გარდაიცვალა გულის შეტევით. სულ რაღაც ერთმა წელმა მამუკას ცხოვრება სრულ კოშმარად აქცია.
მამუკა აღწერს, თუ როგორ შეიცვალა მისი ყოფა ციხეში მოხვედრის შემდეგ: „ციხეში ცხოვრება არ იყო მხოლოდ უფერული, ეს იყო სასოწარკვეთილება, უიმედობა .. ვამჩნევდი, თუ როგორ იქცეოდა დღეები კვირებად, კვირები თვეებად, თვეებიკი წლებად ... ვიწექი საკანში, ციხის კედლებში მოქცეული, სრულიად იმედდაკარგული."
პოზიტიური ცვლილებები ნელ-ნელა დაბრუნდა მამუკას ცხოვრებაში. მას ჰყავს მოსიყვარულე ოჯახი, რომელიც მუდამ მის გვერდითაა. სწორედ ოჯახმა მისცა ძალა და გამბედაობა ებრძოლა გადარჩენისთვის, არ დაეკარგა ნორმალური ცხოვრებისადმი დაბრუნების იმედი. ციხეში ყოფნის პერიოდში, მამუკამ დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა. მან თავი დაანება მოწევას, შეუდგა ფიზიკურ ვარჯიშს. ორი წლის შემდეგ, მისი განაჩენი შეცვალეს. სანიმუშო ქცევის გამო, მამუკა გაათავისუფლეს.
და აი, მოიპოვა ნანატრი თავისუფლება, თუმცა აღმოჩნდა საზოგადოებისგან გამიჯნული. ნასამართლეობისა და ციხეში გატარებული წლების გამო, მას მოუხდა შეჭიდება თითქმის დაუძლეველ პრობლემებთან. თუ პატიმრობამდე გქონდა სამუშაო, ახლა აღარ გაქვს. და თქვენი მეგობრები? მათ გააგრძელეს ცხოვრება ჩვეულ რიტმში და სრულიად დაივიწყეს თქვენი არსებობა. გრძნობ, რომ დაკარგე შენი ადგილი ამ სამყაროში. მიკრული გაქვს უხილავი სტიგმა, რომელიც ხელს გიშლის მოძებნო სამსახური, დაიწყო ნორმალური ცხოვრება.
მამუკა შეეცადა დაეწყო ახალი ცხოვრება და ეპოვა საკუთარი თავი; თუმცა, მალევე გააცნობიერა, რომ ცხოვრება ციხის კედლებს მიღმა მრავალი გამოწვევით იყო აღსავსე. მან ვერ შეძლო სამსახურის პოვნა, რადგან არავის სურდა ყოფილი პატიმრის დასაქმება.
მამუკას შემთხვევა არ არის ერთადერთი. სტიგმა და სირთულეები ყოფილი პატიმრებისთვის ჩვეული ამბავია. საქართველოში არსებული სისტემური, სამართლებრივი და საზოგადოებრივი ბარიერების გამო, გათავისუფლებული პატიმრებისთვის უაღრესად რთულია სამსახურის შოვნა, რომ არაფერი ვთქვათ ნორმალური ცხოვრების პირობებზე. კიდევ ერთი მტკივნეული საკითხია ციხეში მიღებული ფსიქოლოგიური ტრამვისგან რეაბილიტაცია. მრავალი ხილული თუ უხილავი პრობლემისა და ბარიერის დაძლევა საჭიროებს დროს, ისევე როგორც მხარდაჭერას ოჯახისა და მეგობრებისგან, კონსულტაციებს პროფესიონალთან. უამრავი პრობლემის გამო, მოპოვებული თავისუფლების მიუხედავად, ყოფილი პატიმრები კვლავ რჩებიან ციხეში გატარებული წლების ტყვეობაში. ხშირ შემთხვევაში, ნორმალური ცხოვრებისადმი დაბრუნების ყოველი მცდელობა მარცხით სრულდება.
პროექტი "ახალი გზა"
2016 წელს, მამუკას მსგავსი ადამიანების რესოციალიზაციის მხარდასაჭერად, ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ" გორში მხარი დაუჭირა ადგილობრივი კავშირის "ნაბიჯი მომავლისკენ" ინოვაციურ პროექტს. პროექტი „ახალი გზა" ემსახურებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ყოფილი პატიმრების სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას."
პროექტი ითვალისწინებდა ტრენინგების ჩატარების გზით ყოფილ პატიმართა სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას და მათ უზრუნველყოფას კერძო წარმოების დასაწყებად საჭირო ძირითადი ინვენტარით. პროექტი ასევე მოიცავდა ექსპერტებთან ინტენსიურ ფსიქო-სოციალურ კონსულტაციებს.
პროგრამისთვის კანდიდატების შერჩევა მოხდა გასაუბრებისა და შეფასების საფუძველზე. ყოფილ პატიმართა მრავალრიცხოვანი ბაზიდან, კავშირმა "ნაბიჯი მომავლისკენ" შეარჩია10 მონაწილე. შერჩეულმა პირებმა გაიარეს ბიოფსიქოსოციალური შეფასება. შედეგად, დადგინდა ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური საჭიროებები.
მამუკა აღმოჩნდა 10 შერჩეულ კანდიდატს შორის. მან მალევე გაიარა 4 თვიანი ინტენსიური სასწავლო კურსი მეფუტკრეობაში და მიიღო გრანტი, რომელიც მოიცავდა რამდენიმე სკასა და საჭირო ინვენტარს საქმის დასაწყებად.
პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, მამუკა, შერჩეულ სხვა ბენეფიციარებთან და ტრენერებთან ერთად ესტუმრა კახეთის რეგიონს. მან მოინახულა შპს „თაფლიკაცი", თაფლის ცნობილი საწარმო, რომელიც მდებარეობს ალავერდის მონასტერში.
თაფლიკაცი მეფუტკრეობის აღიარებული და სახელგანთქმული კომპლექსია, რომელიც თავისი მაღალკვალიფიცური და სამეცნიერო პერსონალით, იზიდავს მრავალ სტუმარსა და ვიზიტორს. სტუმრები სიამოვნებით აკვირდებიან საჩვენებელ პროცესებს თაფლის გადამამუშავებელ ქარხანაში.
საველე ვიზიტი აღმოჩნდა არა მარტო საინტერესო, არამედ სამოტივაციო მამუკასთვის, რადგან სწორედ მან შთააგონა გაეზარდა სკების საწყისი რაოდენობა და სერიოზულად მოეკიდა ხელი მეფუტკრეობის საქმეზე.
პროექტის „ახალი გზა" და საველე ვიზიტის წყალობით, მამუკამ მიაღწია გადამწყვეტ მომენტს მის ცხოვრებაში. ის და მისი ოჯახის წევრები აქტიურად ეწევიან მეფუტკრეობას, მათ იპოვეს ცხოვრების ახალი აზრი.
აღნიშნულმა დადებითმა ცვლილებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მამუკას რწმენა საკუთარ შესაძლებლობებში. მალევე, მან მიიღო მონაწილეობა ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამაში „აწარმოე საქართველოში", რომელიც დაფინანსებულია მთავრობის მიერ. პროგრამის მსვლელობისას, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მისი ენთუზიაზმი და შეუპოვრობა - მას გადაეცა წიწილების საჩეკი ინკუბატორი. ამ საინტერესო და გარკვეულწილად გასაკვირი ჯილდოთი, მამუკამ დაიწყო კიდევ ერთი ახალი ბიზნესი.
ამჟამად, მამუკა და მისი ოჯახის წევრები აქტიურად ეწევიან მეფუტკრეობასა და მეფრინველეობას - ოცნება, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდა სულ რამდენიმე თვის წინ.
შთაგონებული ბოლოდროინდელი წარმატებებით, რომლებსაც საფუძველი ჩაუყარა პროექტმა „ახალი გზა", მამუკა სრულიად შეიცვალა. ერთ დროს სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული, ის ახლა ნათელ ფერებში ხედავს საკუთარ მომავალს. შესაძლებლობები უსაზღვროა, გეგმები კი - ამბიციური. მამუკა ბევრს კითხულობს და აქტიურად იყენებს ინტერნეტს მეფუტკრეობისა და მეფრინველეობის შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად. მისი გრაფიკი ძალზედ დატვირთულია, თუმცა, სწორედ ეს ეხმარება მეხსიერებიდან ამოშალოს მისი ცხოვრების ორი საშინელი წელიწადი.
მამუკას ამბავი ნათლად ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში რეინტეგრაციის მხარდაჭერა როგორც სახელმწიფო, ისე სამოქალაქო საზოგადოების დონეზე.
მიუხედავად იმისა, რომ PIN-ის პროექტის ფარგლებში მოხერხდა რამდენიმე ადამიანისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა, არსებობს მრავალი სხვა ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მამუკას საქმეში მოხსენიებული დაბრკოლებების დაძლევაზე. თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანია მთავრობის როლი - საჭიროა პოლიტიკის დონეზე ცვლილებების შეტანა, რათა ყოფილი პატიმრებს ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ წარმატებასა და რეციდივიზმის შემცირებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოქალაქეთა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი - სწორედ მათ უნდა გაუწიონ ლობირება სახელმწიფოს მიერ პოლიტიკის დონეზე ცვლილებების განხორციელებას.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ აღნიშნული პროექტის გარდა PIN-მა მხარი დაუჭირა 3 სხვა ინოვაციურ სოციალური სერვისის შექმნას გორის მუნიციპალიტეტში, ესენია: შინ მოვლის სერვისი, სოციალური სამრეცხაო და ცხელი სკვების ბინაზე მიტანის სერვისი გორის სოციალურად დაუცველი ხანდაზმული მოსახლეობისათვის. ყველა ეს სერვისი რომელიც PIN-ის პროექტის ფარგლებში შეიქმნა გრძელვადიანია და 2018 წლიდან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
რაც შეეხება პროექტის „ახალი გზა" არსს, მის მნიშვნელობას საუკეთესოდ გადმოსცემს PIN-ის სოციალური პროექტის კოორდინატორის, ნანუკა ფერაძის სიტყვები: "თუკი შევძლებთ გადავარჩინოთ თუნდაც ერთი ადამიანი, დავუბრუნოთ მას საკუთარი ადგილი საზოგადოებაში, მივცეთ მას სახლში მშვიდად ძილისა და ოჯახზე ზუნვის საშუალება, და მათ სატკივარს სახელმწიფომდე მივიტანთ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წარმატებით შევასრულეთ ჩვენი მისია."