EU სოფლის განვითარების ორწლიანი პროექტის შედეგებს აჯამებენ

გამოქვეყნებული 25 ოქტ. 2019 წასაკითხი დრო 4 წუთი
Final Conference
© Foto: ENPARD

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და ორგანიზაციების „მერსი ქორფს“-ის, „ფიფლ ინ ნიდ“-ის, „ქეა ავსტრია“-ს და სოფლის განვითარების ევროპული ასოციაციის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა ადგილობრივი მთავრობის, კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების მობილიზებით 600-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი შექმნეს.

24 ოქტომბერი, 2019. თბილისი – საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა კონფერენციას, რომელზეც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის ორწლიანი პროექტის „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ შედეგები შეაჯამეს. პროექტი, რომელსაც ორგანიზაციები „მერსი ქორფსი“, „ფიფლ ინ ნიდ“ და „ქეა ავსტრია“, სოფლის განვითარების ევროპულ ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებდნენ, 2017 წლიდან მიმდინარეობდა და ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში თემზე ორიენტირებული სოფლის განვითარების მიდგომის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. სოფლის განვითარებაზე ორიენტირებული საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარებით, პროექტმა ხელი შეუწყო ევროპული LEADER მიდგომის დანერგვას სამ მუნიციპალიტეტში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, შემუშავდა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და მოხდა ევროკავშირის გრანტების გაცემა 200-ზე მეტი ინიციატივისთვის. შედეგად, 600-ზე მეტი მუდმივი დასაქმების ადგილი სამივე მუნიციპალიტეტში.


კონფერენცია ოფიციალურად გახსნეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, იან ჩერნიკმა, ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა და სოფლის განვითარების ევროპული „ლიდერ“ ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კრისტენა ტემეტმა.

„ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, სამი წარმატებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომლებიც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებენ, და რომელთაც ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება და 600 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა შეძლეს. ევროკავშირი მოხარულია, რომ LEADER მიდგომა, რომელიც წლებია ევროკავშირში სოფლის განვითარების სტიმულირებისთვის გამოიყენება, საქართველოშიც მუშაობს. მოუთმენლად ველით ამ მიდგომის მომავალ წლებში კიდევ მეტად განვითარებას,“ – განაცხადა ვინსენტ რეიმ.


„ჩვენი ქვეყნის გაცხადებული პრიორიტეტია ევროპული მომავალი და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება სოფლის განვითარების და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროექტი. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის შედეგები რომელიც მიღწეულ იქნა პროექტების ფარგლებში დადებით გავლენას მოახდენს დარგზე,” – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

„საქართველოში სოფლის განვითარების LEADER მიდგომის დანერგვა მნიშვნელოვანია, რადგან იგი უზრუნველყოფს ადგილობრივი თემის წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობას სოფლის განვითარებაში. ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა, რომელშიც გაერთიანებული არიან კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, განსაზღვრეს ადგილობრივი განვითარების პრიორიტეტები და სხვადასხვა სასოფლო ინიციატივების შერჩევისა და დაფინანსების მეშვეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სამიზნე მუნიციპალიტეტებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში,“ – აღნიშნა ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ დირექტორმა, ირაკლი ქასრაშვილმა.


„ლიდერ“ მიდგომაზე დაფუძნებით, ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა (LAG) საქართველოში შექმნეს დაბალანსებული გარემო – საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა შემადგენლობით, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული აქტორის თანაბარ ჩართულობასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. LAG-ის სახით ჩამოყალიბდა საუკეთესო საზოგადოებრივი პლატფორმა, თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლისა და სწორი დაგეგმვისთვის, რომლის საქმიანობაც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს და პრიორიტიეტებს ემყარება,“ – აღნიშნა ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის წევრმა, თამარ მუმლაძემ.

ოფიციალურ გამოსვლები გაგრძელდა პანელური დისკუსიებით, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირის, საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების, კერძო და სამოქალაქო საზოაგდოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. დისკუსიები შეეხო ევროპული LEADER მიდგომის როლს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში თემზე ორიენტირებული განვითარების ხელშეწყობაში. დაინტერესებულმა პირებმა ასევე განიხილეს LEADER-ის როლი სოფლის განვითარების პოლიტიკის ცენტრალურ დონეზე ფორმირების პროცეში, მიმოიხილეს დღემდე მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები და ისაუბრეს ქვეყანაში LEADER განხორციელების სამომავლო პერსპექტივებზე.


კონფერენციის ფარგლებში, მოეწყო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივების გამოფენა ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებიდან, რათა სტუმრებს ჰქონოდათ საშუალება, გაცნობოდნენ პროექტის რეალურ შედეგებს.

2015 წლიდან დღემდე, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების ევროპული მოდელი საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში დაინერგა. ადგილობრივი განვითარების ჯგუფები შეიქმნა ბორჯომში, ლაგოდეხში, ყაზბეგში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ახალქალაქში, ქედასა და ხულოში. აღნიშული ჯგუფები, ევროკავშირის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წარმატებით ახორციელებენ სოფლის განვითარების პროექტებს. მათი უშუალო ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირის მიერ უკვე 400-მდე ინიციატივაა დაფინანსებული. ეს ინიციატივები ხელს უწყობს წარმოებისა და მომსახურების ხარისხის ზრდას სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურის, ასევე გარემოს დაცვით სფეროებში. მათი საშუალებით, სოფლად უკვე დასაქმდა 1000-ზე მეტი ოჯახი, ხოლო 10,000-ზე მეტმა ადამიანმა სოფლად საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესა. ამჟამად, დამატებით კიდევ ოთხ ახალ მუნიციპალიტეტში – ახმეტა, წალკა, წყალტუბო და მესტია – მიმდინარეობს სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, LEADER მიდგომის დანერგვის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შექმნის პროცესი.

ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობას და სოფლის განვითარებას, ENPARD პროგრამის საშუალებით. 2013 წლიდან განხორციელებული, 179,5 მილიონი ევრო საერთო ბიუჯეტით, ENPARD – ის მთავარი მიზანია სოფლის ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა და საქართველოში სიღრიბის შემცირება. ENPARD -ის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ საიტზე: www.enpard.ge.

Autor: Ramaz Chichinadze, Communication Officer

მსგავსი სტატიები