DCFTA პროექტის დახურვის ღონისძიება
გამოქვეყნებული 18 სექ. 2019 წასაკითხი დრო 3 წუთი“ფიფლ ინ ნიდ”-მა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ “ შედეგები წარადგინა.
17 სექტემბერი, 2019, თბილისი – „ფიფლ ინ ნიდ“-მა, მის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო (RCDA), “ათინათი”, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) და „ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“ (ბრიჯი)-სთან ერათად პროექტ “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ 2 წლიანი მუშაობის შედეგები წარადგინა.
ღონისძიება პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის, დაინტერესებული პირებისა და ბენეფიციარი ორგანიზაციების პრეზენტაციებს მოიცავდა. ღონისძიებას პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და დონორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ; ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა მარიამ გაბუნიამ; ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ დირექტორმა საქართველოში, დიონ ბატერსბიმ; და პროექტის მენეჯერმა, ნანა ფერაძემ.
„გასული წლიდან 2023 წლამდე, საქართველო ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პრიორიტეტული ქვეყანაა. ჩვენი პრიორიტეტებია ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური კეთილდღეობა, მთიანი რეგიონების განვითარება. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მთავრობას გარემოსა და სურსათის უვნებლობის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი აქტების დანერგვაში ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად. ტრენინგების გზით, ჩეხი ექსპერტები ხელს უწყობენ ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით. ეკონომიკის განვითარების მხრივ, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში მუდმივი ზრდით გამოირჩეოდა. ზრდის ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება DCFTA-ს წყალობით. DCFTA მნიშვნელოვანი თემაა მრავალი თვალსაზრისით; შეიძლება ითქვას, რომ ევროპასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერება საქართველოსთვის ერთგვარი ისტორიული გამოწვევაა. რა თქმა უნდა, არსებობს მრავალი ადმინისტრაციული დაბრკოლება, რომელიც საჭიროებს ერთობლივი ძალისხმევით გადალახვას. ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ინსტიტუტები, ძალღონეს არ ვიშურებთ იმისთვის, რომ დახმარება გავუწიოთ საქართველოს მთავრობას ცენტრალურ დონეზე განხორციელებული რეფორმების გზით. ჩვენ მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ ევროპული სოლიდარობა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მიმართ.“ განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ.
„აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, ჩვენ ჩავრთეთ საქართველოს რეგიონებში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. სწორედ ამ ორგანიზაციების წყალობით შეძლეს მცირე საწარმოებმა და ფერმერებმა მიეღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით საჭიროებს მათი ბიზნესები გაუმჯობესებას და როგორ უნდა ისარგებლონ სრულად ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებით. მოხარული ვარ, რომ შევძელით ხმა მიგვეწვდინა 9000-ზე მეტი მცირე ბიზნესისა და ფერმერისთვის!“ აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა,
„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი მივესალმო მრავალრიცხოვან აუდიტორიას People in Need-ის პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე და ვისაუბრო პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" მიღწევების შესახებ. აღნიშნულმა პროექტმა უპასუხა ქვეყნის მასშტაბით ათასობით ფერმერის კითხვას DCFTA -სა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც მოაქვს ევროპულ თანამშრომლობას საქართველოს მოქალაქეებისთვის.“ დაამატა People in Need საქართველოს მისიის დირექტორმა, დიონ ბატერსბიმ.
პროექტის ფარგლებში საქართველოს შვიდ რეგიონში, 23 სამოქალაქო ორგანიზაცია, მათ შორის ოთხი ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, გადამზადდა DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნული ორგანიზაციების ბაზაზე 23 DCFTA საინფორმაციო რესურს მაგიდა ჩამოყალიბდა, რომლებმაც ამ დროისათვის დაახლოებით 9 000-მდე ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეს და ფერმერს გაუწიეს კონსულტაცია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე. „ფიფლ ინ ნიდ“ - ისა და პარტნიორი ორგანიზაციების ხელშეწყობით რესურს მაგიდების აქტიური მონაწილეობით სოფლის მეურნეობის შვიდი პროდუქტის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის დოკუმენტი მომზადდა. სამიზნე მუნიციპალიტეტების/თემების საჭიროებებზე დაყრდნობით გაიმართა 65 საჯარო შეხვედა, რომლებზეც კვალიფიციური ექსპერტები დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას. ორგანიზაციები ჩართულები იყვნენ 4 პოლიტიკის ნარკვევის შემუშავების და ადვოკატირების პროცესში, ხოლო პროექტის დასკვნით ეტაპზე შეიქმნა DCFTA საინფორმაციო რესურს მაგიდების ქსელი, რომელშიც სამიზნე ორგანიზაციები გაწევრიანდნენ და პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს ფუნქციონირებას.
პრეზენტაციების პარალელურად, პროექტის სამიზნე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საკუთარი საინფორმაციო კუთხეები მოაწყვეს. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, პროგრამის შედეგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაცნობოდნენ.
პროექტის შესახებ:
პროექტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს მიმართულია რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებასა და მათი მეშვეობით აგრარულ რეგიონებში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის დანერგვის მხარდაჭერაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.