ევროპის დღეები 2023
გამოქვეყნებული 10 მაი. 2023 წასაკითხი დრო 2 წუთიძვირფასო მეგობრებო და პარტნიორებო,
ჩემთვის დიდი პატივია გაგიზიაროთ ის ამაღელვებელი გამოცდილება, რომელიც საქართველოში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიღეთ. ჩვენს ორგანიზაციას, „ფიფლ ინ ნიდ“-ს (PIN) ჰქონდა პატივი საზოგადოებისთვის წარმოეჩინა საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად მის მიერ გაწეული შრომის შედეგი. ეს იყო ღონისძიება, რომელმაც თითოეულ ჩვენგანზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.
PIN-ის თანამშრომლებმა ‘PIN-ის კუთხე’ მოაწყვეს - სივრცე, რომელიც უკრაინის კაშკაშა ფერებით იყო შემკული. სასიამოვნო იყო ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მიერ ჩატარებულ მასტერკლასებზე დასწრება, რომლებმაც სტუმრებს კვერცხების მოხატვისა და ტრადიციული თოჯინების დამზადების პრაქტიკა გაუზიარეს. მართლაც, შთამაგონებელი იყო მათ მიერ დემონსტრირებული უნარები და ენთუზიაზმი.
ის, რამაც ყველაზე დიდი სიხარული მოგვიტანა, მონაწილე ბავშვების სახეებზე აღბეჭდილი ბედნიერება იყო, რომლებიც სრულად მოიცვა უკრაინული ტრადიციების სილამაზემ. მათ ღონისძიება ახალი ცოდნითა და სასიამოვნო მოგონებებით დატოვეს. სწორედ ასეთი მომენტები გვახსენებს, თუ რაოდენ ღრმა გავლენა აქვს კულტურული ცოდნის გაზიარებას ახალგაზრდების ცნობიერებაზე.
ამ მშვენიერი ღონისძიების აღნიშვნისას, მსურს ასევე რამდენიმე სიტყვით შევეხო იმ დახმარებას, რომელსაც PIN უწევს უკრაინელ ლტოლვილებს ისეთი დონორების მხარდაჭერით, როგორიცაა ევროკავშირი და ლიხტენშტეინის მთავრობა. ჩვენ ღრმად ვითავისებთ უკრაინელი ლტოლვილების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათთვის დახმარების აღმოჩენას ჩვენს მტკიცე ვალდებულებად მივიჩნევთ. ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში, PIN უზრუნველყოფს უკრაინელ ლტოლვილებს უსაფრთხო საცხოვრებლით, რათა მათ ჰქონდეთ ადგილი, რომელსაც შეძლებენ ნამდვილი „სახლი“ უწოდონ.
გარდა ამისა, ლიხენშტეინის მთავრობის მხარდაჭერით, ჩვენ ვაწვდით ქართულ სკოლებს საჭირო IT რესურსებს, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინელი ბავშვების განათლებას. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სათანადო საგანმანათლებლო ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი მომავალი წარმატებისთვის. PIN მხარს უჭერს საქართველოში უკრაინელებთან მომუშავე სსო-ებს მათი შესაძლებლობების განვითარებით, ასევე ოპერაციებისა და სერვისების მიწოდებაზე მიმართული გრანტების უზრუნველყოფით.
ყოველივე ეს კი შეუძლებელი იქნებოდა PIN-ის გამორჩეული გუნდის ერთობლივი ძალისხმევის გარეშე. ჩვენი ურყევი ერთგულება, დაუღალავი შრომა და მისიისადმი თავდადება ჩვენი წარმატების მამოძრავებელი ძალაა. უზომოდ ვამაყობ თითოეული კოლეგით, ვისაც წვლილი მიუძღვის ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების წარმატებაში.
ასევე მსურს უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულუხვ დონორებსა და პარტნიორებს. სწორედ თქვენი ურყევი რწმენა და ფასდაუდებელი მხარდაჭერა აძლევს საშუალებას PIN-ს დადებითი ცვლილებები მოუტანოს გაჭირვებაში მყოფ პირებს.
მოდით, მეხსიერებაში შემოვინახოთ ევროპის დღის ეს ლამაზი მოგონება და მომავლისაკენ სვლა თანაგრძნობისა და ურთიერთგაძლიერების სულისკვეთებით განვაგრძოთ!
ერთად, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მათი ცხოვრება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ!
სოფია ჯანჯუა
"ფიფლ ინ ნიდ" საქართველოს
წარმომადგენლობის დირექტორი