სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში
გამოქვეყნებული 27 აპრ. 2020 წასაკითხი დრო 2 წუთიპროექტი ემყარება სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში, PIN-ის გამოცდილებას, სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერის მიმართულებით; ჩვენი კოლეგების, პარტნიორებისა და მკვლევარების მოსაზრებებს და ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად გაკეთებულ დასკვნებს - თუ რამ გაამართლა, რა აღმოჩნდა ნაკლებად ეფექტური და როგორ შეიძლება მდგომარეობის შეცვლა. აღნიშნულის შედეგად, ჩვენ გადავწყვიტეთ ყურადღება გაგვემახვილებინა ახლადშექმნილ, განვითარებად სამოქალაქო ჯგუფებზე, სათემო ინიციატივებზე, სოციალურ და კულტურულ მოძრაობებზე, რომლებსაც აქვთ პოტენციალი ცვლილებების მამოძრავებელი ძალის როლი შეასრულონ, თავიანთ თემებში.
თავად ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ ჰუმანიტარული სათემო საქმიანობა 1992 წელს დაიწყო, ომის კორესპონდენტთა მცირე ჯგუფის მიერ, რომელთაც აღარ აკმაყოფილებდათ არსებული კრიზისებისა და კონფლიქტების გაშუქება და სიტუაციის შეცვლა სურდათ. ჩვენი თანადამფუძნებელი და ამჟამინდელი დირექტორი შიმონ პანეკი ხავერდოვანი რევოლუციის დროს აქტივისტი სტუდენტი იყო. სწორედ იმ პერიოდში აღმოცენებული შემოქმედებითი ენერგია, სამოქალაქო მობილიზაცია და სოციალური პასუხისმგებლობა იქცა მამოძრავებელ ძალად იმისა, თუ ვინ ვართ დღეს.
შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესოა თანამოაზრე სამოქალაქო აქტორები, რომლებიც ემსახურებიან მოსახლეობის საჭიროებების წარმოჩენას, ცდილობენ რეალური სისტემური ცვლილებების განხორციელებას და წინა პლანზე იმ მნიშვნელოვანი, ახალი საკითხების წამოწევას, რომლებიც საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილი, ან განხილვადია. ჩვენ პატივს ვცემთ აღნიშნული ჯგუფების მრავალფეროვნებას და არ მოვითხოვთ მათგან ჩვენს მსგავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციად ჩამოყალიბების სტანდარტული გზის გავლას. მეორეს მხრივ, ჩვენ გვწამს,რომ შეგვიძლია ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლოთ და შევიძინოთ.
ახალი პროექტის განხორციელების პირველ თვეებში, ჩვენი სურვილია შევხვდეთ და გავიცნოთ ერთმანეთი. ინიციატივა თემატურად და გეოგრაფიულად ღიაა - გვსურს დავუკავშირდეთ ჯგუფებს მთელი რეგიონის მასშტაბით და განვიხილოთ ინიციატივები მრავალფეროვანი სექტორებიდან, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება და გარემო, საზოგადოებრივი სივრცეები, საზოგადოების მონაწილეობა ადგილობრივ გადაწყვეტილებებსა და ბიუჯეტირებაში, ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საჯარო მომსახურების ხარისხი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა უფლებები, სამუშაო პირობები, მარგინალიზებული ჯგუფები და ა.შ.
ჩვენი მიზანია ერთობლივი ძალისხმევით განვსაზღვროთ, თუ რა არის საჭირო მათი გავლენის გასაძლიერებლად, წარმომადგენლობისა და თემების წინაშე პასუხისმგებლობის გასაზრდელად, ცვლილებებისთვის რესურსების (ფულადი სახსრები, ადამიანები, უნარები და მონაცემები) მეტად ეფექტური მობილიზების უზრუნველსაყოფად.
შერჩევის გამჭვირვალე პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენ ვიმუშავებთ მონაწილეთა მცირე და მრავალფეროვან ჯგუფთან. შევადგენთ ამბიციურ, მაგრამ ამავდროულად რეალისტურ გეგმებს - თუ ვინ უნდათ გახდნენ და რის მიღწევა სურთ მომდევნო წელს; შევთავაზებთ დაფინანსებას სტრატეგიული გეგმების და კონკრეტული ინიციატივების საფუძველზე, ხელს შევუწყობთ სწავლებას პრაქტიკული საქმიანობით, თემატური კვლევებით, კამპანიებით, გაცვლითი ინიციატივებით და კავშირების ფორმირებით. მომდევნო წელსაც გავაკეთებთ იგივეს, თუმცა უკეთესად.
სპეციფიკური სასწავლო სფეროები, რომლებსაც, ჩვენი აზრით, შესაძლოა შევეხოთ ამ პროცესში, შემდეგია: ალტერნატიული დაფინანსება; მოხალისეთა მობილიზება; ერთად მომუშავე მრავალფეროვანი ჯგუფების ყოველდღიური გამოწვევები; ჩართულობა და შიდა დავების მოგვარება; გეგმების შედგენა და მათი განხორციელება; სწავლების წამახალისებელი კულტურის დანერგვა; შიდა ანგარიშვალდებულება და ფართო საზოგადოების ნდობის აღდგენა; კრეატიულობის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიის გამოყენება ცვლილებებისთვის; კავშირების დამყარება; სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისას პოზიციის სწორად შერჩევა; ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა პირები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყონ, ან შეაფერხონ თქვენი ძალისხმევა და მრავალი სხვა.