უკრაინელების ბურუსით მოცული მომავალი საქართველოში

გამოქვეყნებული 24 თებ. 2023 წასაკითხი დრო 6 წუთი
უკრაინელების ბურუსით მოცული მომავალი საქართველოში
© Foto: რამაზ ჭიჭინაძე

"ერთ დღეში, ყველაფერი დავკარგეთ – სახლი, სამსახური, მშვიდობა, წარსული ცხოვრება!" – აქსანა დონეცკიდან

2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ, უამრავ უკრაინულ ოჯახს ერთმანეთთან დაშორება მოუხდა, მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა, ათასობით უკრაინელი დაშავდა და დაიღუპა. უმეტეს მათგანს საკმარისი დრო არც კი ჰქონდათ თავის გადასარჩენად; მხოლოდ ის შეძლეს, ოჯახის წევრებისთვის ხელი მოეკიდათ და თავშესაფრის ძიება დაეწყოთ. ოჯახებს წარმოუდგენლად რთული გზის გავლა მოუხდათ. ჩუსტების ამარა დარჩენილები, საზღვრებს მიაწყდნენ, უკან დატოვეს წარსული ცხოვრება მხოლოდ იმ იმედით, ეპოვათ უსაფრთხო ადგილი, გადაერჩინათ საკუთარი თავი და შვილები. 

2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში 189 000-ზე მეტი უკრაინელი ჩამოვიდა. მათი უმეტესობა ფრონტის ხაზთან მდებარე რეგიონებიდან ან ქვეყნის აღმოსავლეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იყო. ხშირ შემთხვევაში, საქართველო ერთადერთი ადგილი იყო, სადაც გაქცევა შეეძლოთ. ბევრი მათგანისთვის, სახლში დაბრუნება შორეული პესპექტივაა, უცხო ქვეყანაში ცხოვრება კი სულ უფრო და უფრო რთული ხდება. არსებული ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება არ არის საკმარისი, განსაკუთრებით დაუცველი პირებისა და ოჯახებისთვის.

ჩვენი ოჯახის ამბავი საქართველოში ახალი სახლის პოვნის შესახებ

აქსანას ამბავი ომის შედეგად დაზარალებული მრავალი ოჯახის ისტორიიდან მხოლოდ ერთ-ერთია. რუსული არაადამიანობისა და ბარბაროსობის მსხვერპლი. აქსანა ერთ-ერთია დაახლოებით იმ 8 მილიონი ლტოლვილიდან, რომლებსაც 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან გაქცევა მოუხდათ.

ომის დაწყებამდე, აქსანა სხვა ოჯახების მსგავსად, მეუღლესთან - ანდრეისთან და ორ შვილთან ერთად მშვიდობიანად ცხოვრობდა. ახლა კი ისინი თბილისში, საქართველოში მცხოვრები ლტოლვილები არიან. თუმცა, იმ იღბლიანთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებმაც ომს ცოცხლად დააღწიეს თავი და იმ რთულ პერიოდს გადაურჩნენ, როცა დონეცკის ინტენსიური დაბომბვის დროს, რამდენიმე კვირის მანძილზე შვილებთან ერთად სარდაფს აფარებდნენ თავს.

აქსანა დონეცკიდან, ომის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონიდან არის. ომის დაწყების შემდეგ, ოჯახი იძულებული გახდა უსაფრთხო ადგილი მოეძებნა. უკრაინის რამდენიმე ქალაქი მოიარეს, თუმცა ომისა და ნგრევის სისასტიკე თითქოს ყველგან თან სდევდათ. რადგან უკრაინაში უსაფრთხო ადგილი აღარსად ეგულებოდათ, საქართველოში წამოსვლა გადაწყვიტეს.

"სულ რაღაც ერთ თვეში, ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დადგა. წარსული ცხოვრების, ნათესავების, მეგობრებისა და კარიერის დატოვება, უცხო ქვეყანაში გადასვლა და ცხოვრების ნულიდან დაწყება უზარმაზარი სტრესია. უამრავი კითხვა გაქვს, როგორ გააგრძელო ცხოვრება, რა გააკეთო,“ გვიამბობს აქსანა.

ფიფლ ინ ნიდ-მა (PIN) უკრაინაში ადგილზე საქმიანობა პირველივე დღეებიდან დაიწყო. ამჟამად, ჩვენ დახმარებას ვუწევთ საქართველოში მყოფ ლტოლვილებს ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ ლტოლვილები უწყვეტი ფინანსური დახმარებით, საჭირო ნივთებითა და თავშესაფრით ჩვენი დონორებისა და მეგობრების მიერ გულუხვად გამოყოფილი თანხებით.

საქართველოში დაფინანსების სიმცირის მიუხედავად, PIN ძალისხმევას არ იშურებს უკრაინელი ლტოლვილების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. 2022 წლის დეკემბერში, PIN-ის უკრაინულმა პარტნიორმა ორგანიზაციამ „Unite Together“ საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებები შეისწავლა და რამდენიმე პრობლემა გამოავლინა. მონაცემები საქართველოს მასშტაბით 850 ოჯახზე შეგროვდა. უკრაინელი ლტოლვილებისთვის პირველად საჭიროებად ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, საკმარისი საკვები, დასაქმება და ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების მქონე პირთათვის სამედიცინო დახმარება განისაზღვრა.

საქართველოში საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა უკრაინელი ოჯახების უმთავრესი საჭიროებაა

უკრაინელები საქართველოში, ძირითადად, ინდივიდუალურ სახლებში ცხოვრობენ, რისი ფინანსურად უზრუნველყოფაც თავად უწევთ. იმ პირებს კი, ვისაც წასასვლელი არსად აქვთ, სასტუმროებსა თუ საზაფხულო კურორტებზე შეზღუდული რაოდენობით განთავსებას სთავაზობენ, თუმცა ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად, საჭირო ხდება ამ ადგილების განთავისუფლება. გარდა ამისა, მობილიზაციას გამოქცეული რუსების შემოდინების გამო, გასული წლის განმავლობაში თბილისში ქირის საშუალო ფასი 120%-ით გაიზარდა. ბოლო დროს ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილები სულ უფრო რთულ, არასტაბილურ ვითარებაში არიან. აშკარაა, რომ დანაზოგის ამოწურვის შემდეგ, ლტოლვილებს არ ექნებათ საკმარისი ფინანსური რესურსები ქირის დასაფარად. გამოკითხული ოჯახების თითქმის 90% აღიარებს, რომ ისინი ვერ შეძლებენ საკუთარი თავისა და ოჯახების რჩენას მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

PIN მხარდაჭერას უწევს რამდენიმე კოლექტიურ საცხოვრებელს (სასტუმროები, ჰოსტელები, პანსიონატები), რათა ხელი შეუწყოს უსაფრთხოებისა და ერთიანობის განცდას, რაც სხვა უკრაინელებთან მჭიდრო კონტაქტის შედეგად ჩნდება. აქსანასა და ანდრეის ოჯახმა ისარგებლა PIN-ის მიერ შეთავაზებული ხელმისაწვდომი საცხოვრებლით და ამჟამად, ისინი სასტუმროში იმყოფებიან:

როდესაც საქართველოში ჩამოვედით, სრულიად გაუგებარი იყო, როგორ უნდა გაგვეკვლია გზა, რა უნდა გაგვეკეთებინა ან სად უნდა წავსულიყავით. სწორედ ამ დაბნეულობაში ყოფნის ჟამს გამოჩნდა PIN-ი და სასტუმროში განსახლება შემოგვთავაზა, რაც აქ მცხოვრები სხვა უკრაინული ოჯახების მსგავსად, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. უკვე ერთი თვეა, რაც აქ ვცხოვრობთ. ეს საშუალებას გვაძლევს გავიგოთ მეტი ქვეყნის შესახებ; დავფიქრდეთ, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ ვიცხოვროთ ამ ახალ რეალობასა და გაურკვევლობაში,“ ამბობს აქსანა.

რუსეთის მხრიდან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უწყვეტი თავდასხმებისა და უკრაინაში ზამთრის დადგომის გამო, უკრაინელები იძულებულნი გახდნენ საზღვარგარეთ დარჩენილიყვნენ. 2022 წლის ოქტომბერში, საქართველოში ყოველკვირეულად საშუალოდ 4000 ადამიანი ჩამოდიოდა. საქართველო ერთ-ერთია იმ საერთაშორისო ლოკაციებს შორის, სადაც ომისგან გამოქცეულ ლტოლვილებს რუსეთის მხრიდან საზღვრის გადაკვეთა მოქმედი საერთაშორისო პასპორტის გარეშე შეეძლოთ. მრავალი უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა და დაუყოვნებლივ გაქცეულიყო ისეთი ნივთების გარეშე, როგორიცაა პირადი დოკუმენტაცია თუ ბავშვების დაბადების მოწმობები. ამჟამად, საქართველოში 26 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება, ძირითადად დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი (50%) და ბათუმი (35%). მათგან უმეტესობამ არც კი იცის, რამდენ ხანს მოუწევს საქართველოში დარჩენა.

ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი ცხოვრება ორ ეტაპად გაიყო: "ომამდე" და "ომის შემდეგ". ყოველდღიური დაბომბვა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება შეუძლებელს ხდიდა ჩვენს სამშობლოში ცხოვრების გაგრძელებას. მშობლის ინსტინქტია, უპირველესად, ოჯახის უსაფრთხოებაზე იფიქროს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახი დავიცვათ, შევძლოთ ჩვენი ადგილის პოვნა ამ ახალ რეალობაში. PIN-ის პროგრამა საშუალებას გვაძლევს ამოვისუნთქოთ, ვიპოვოთ საკუთარი თავი, გავიაზროთ, რა ვაკეთოთ მომავალში, საქართველოს რომელ ქალაქში ვიცხოვროთ, რითი ვირჩინოთ თავი. უკრაინაში მცირე საოჯახო ბიზნესი გვქონდა; გარდა ამისა, აქსანა ფსიქოლოგად მუშაობდა, მე კი ელექტრიკოსი ვიყავი. ყველაფრის დაკარგვა შესაძლოა აბსტრაქტულად ჟღერდეს, მაგრამ უკრაინელების უმეტესობა კარგად გაგვიგებს, რადგან მათ ესმით, თუ რას ნიშნავს დაკარგო სახლი, სამსახური და რაც ყველაზე მტკივნეულია, მეგობრები და ნათესავები. მადლობა ღმერთს, ჩვენ ახლობლები არ დაგვიკარგავს. მაგრამ ჩვენ ვერ შევძლებთ საკუთარ სახლში დაბრუნებას, რადგან ჩვენი სახლი, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების სახლების უმეტესობა ომის ზონაშია, განადგურებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურით. ჩვენ დავტოვეთ სამშობლო, ჩვენი საქმე, ძველი ცხოვრება. თუმცა, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი; ვცდილობთ, უკან არ ვიყუროთ და საქართველოში ჩვენს მომავალზე გავამახვილოთ ყურადღება“, ამბობს ალექსი.

ქართველების თბილი გრძნობები და სიმპათიები უკრაინელების მიმართ ყველა ქალაქში ნათლად იგრძნობა. ქუჩებსა და სახლებში უკრაინის დროშებია გამოფენილი, ლურჯსა და ყვითელ ფერებში. აქ შეხვდებით მათ მისასალმებელ საჯარო ნიშნებს. ადგილობრივებს კარგად ესმით, რომ უკრაინელმა ლტოლვილებმა ყველაფერი დაკარგეს, მათ მთელი ცხოვრება უკან მოიტოვეს და გაქცევა ტანსაცმლის ამარა დარჩენილებს მოუხდათ. აქ ყველაფრის თავიდან დასაწყებად მოდიან. სურთ დარწმუნდნენ, რომ მათ შვილებს შეეძლებათ სკოლაში სიარული. სურთ მუშაობა და წვლილის შეტანა ჩვენი საზოგადოების განვითარებაში. ჩვენ მსგავსად, ისინი საქართველოში, პოლონეთში, მოლდოვაში, გერმანიასა თუ სხვა ქვეყნებში ცხოვრების ღირსეულ, თავისუფალ და უსაფრთხო პირობებს ეძებენ.

26 000 უკრაინელი, რომლებსაც მხარდაჭერა ესაჭიროებათ, კვლავ საქართველოში რჩებიან და მათი რიცხვი, როგორც ჩანს, სულ უფრო იზრდება. PIN საქართველოს სჯერა, რომ სწორედ ახლა არის სოლიდარობისა და თანაგრძნობის, არათუ გონებისა და გულების დახურვის დრო. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთ მთლიან თანამეგობრობად, რათა წინ აღვუდგეთ იმავე შეუწყნარებლობასა და შიშს, რაც საქართველომ 90-იან და 2000-იან წლებში განიცადა და რამაც ჩვენი ათასობით მოქალაქე აიძულა დაეტოვებინა საკუთარი სახლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, შეუძლია მიაღწიოს ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას თავისი ხალხისა და ქვეყნისათვის.

----------

ფიფლ ინ ნიდ (PIN) საქართველოში საქმიანობას 2005 წლიდან ეწევა. ქვეყანაში ამჟამად არსებული ვითარების საპასუხოდ, ორგანიზაციის ძალისხმევა მიმართულია სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისების მიწოდებაზე, არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე, უკრაინელი ლტოლვილებისთვის ინფორმაციისა და სერვისების საერთო ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ჩვენი სტრატეგია ეფუძნება საქართველოში PIN-ის ხანგრძლივ საქმიანობასა და სსო-ებთან თანამშრომლობის დიდ გამოცდილებას, ასევე უკანასკნელ შეფასებებს და აქტიურ ჩართულობას არსებულ საკოორდინაციო მექანიზმებში.

ჩამოტვირთესაჭიროებების შეფასების ანგარიში - უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში

Autor: რამაზ ჭიჭინაძე, კომუნიკაციისა და ადვოკატირების კოორდინატორი

მსგავსი სტატიები