უკრაინელი ლტოლვილების მიერ საქართველოში დაწყებული ბიზნეს საქმიანობა

გამოქვეყნებული 11 დეკ. 2024 წასაკითხი დრო 2 წუთი
უკრაინელი ლტოლვილების მიერ საქართველოში დაწყებული ბიზნეს საქმიანობა
© Foto: People in Need

წარმოიდგინეთ, რომ გიწევთ საკუთარი სახლიდან გაქცევა, რათა თავი დააღწიოთ მუდმივ დაბომბვასა და ომით გამოწვეულ გაჭირვებას, აღმოჩნდით ახალ ქვეყანაში, ცდილობთ შეეგუოთ ახალ გარემოს, ენასა და ცხოვრების განსხვავებულ წესს. მრავალი უკრაინელი, მათ შორის მარჰარიტა და ოლენა, სწორედ ამ რეალობის წინაშე აღმოჩნდა. მათ მოუხდათ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები უკრაინაში და დასახლებულიყვნენ თბილისში, საქართველოში, სადაც ჩვენი მხარდაჭერით, ორივემ წარმატებული ბიზნესის დაწყება შეძლო.

როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მარჰარიტა ხუთი თვის ორსული იყო. 

“ჩვენ დავინახეთ ჯარისკაცები, რომლებიც ავტომატებით გადაადგილდებოდნენ. მაღაზიის რიგში ვიდექით, როცა ისინი მაღალსართულიანი შენობების სახურავებზე ავტომატებით დადიოდნენ და ირგვლივ ყველაფერს აკონტროლებდნენ. საშინელი სანახაობა იყო," ამბობს იგი.   

მან გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსულიყო, რადგან ქვეყანაში ნათესავები ჰყავდა. რამდენიმე თვის შემდეგ, ქალიშვილი ნასტია შეეძინა.

მარჰარიტას ჰქონდა დოქტორის ხარისხი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. თუმცა, უკრაინიდან გაქცევის შემდეგ, ახალ ქვეყანაში ახალი პროფესიის დაუფლება მოუხდა. ჩვენი მხარდაჭერით, მან გაიარა კურსები და მანიკურისტის სპეციალობის საფუძვლები შეისწავლა. ახლად შეძენილი უნარებით, მან საკუთარი ბიზნესი დაიწყო და თავისსავე ბინაში მანიკურის სტუდია გახსნა. იგი ამ საქმის მიმართ ენთუზიაზმით არის აღსავსე. მარჰარიტას სურს განავითაროს თავისი უნარები, გააფართოოს მომსახურება და ხელიდან არ გაუშვას განათლების მიღების ახალი შესაძლებლობები.

“როგორც ვნახე, ისევ აფინანსებთ პროფესიულ კურსებს. შემოვიტანე განაცხადი პედიკურის სპეციალობის შესასწავლად. ვაპირებ ამ მიმართულებით ჩემი უნარების განვითარებას," ამბობს მარჰარიტა.

შინაურ ცხოველთა მოვლის სალონი და ვეტერინარული მომსახურება - ყველაფერი ერთად

ოლენამაც თავშესაფარი თბილისში იპოვა. თავიდან ქართულ ოჯახში ცხოვრობდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება განიზრახა. მან გამოიყენა შინაური ცხოველების მოვლის მიმართულებით პროფეციული ცოდნა და ახალი ბიზნესი დაიწყო.

ოლენა გადააწყდა ჩვენს საგრანტო ინიციატივას და განაცხადი მაშინვე შემოიტანა. კურსის დასრულების შემდეგ, მან საქართველოს დედაქალაქში შინაურ ცხოველთა მოვლის საკუთარი სალონი გახსნა. არაერთი მუდმივი კლიენტი დაუგროვდა; თუმცა, შენიშნა, რომ ძაღლების უმეტესობას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. ამიტომ, ოლენამ გააფართოვა თავისი სერვისები და ვეტერინარული დახმარების შეთავაზებაც დაიწყო. იგი ძლიერ აფასებს მის მიმართ კლიენტების ნდობას.

“შეზღუდული ტექნიკური რესურსების გათვლისწინებით, მათი ჩემდამი ნდობა დიდი სტიმულია”, - ამბობს იგი. ოლენა მადლიერია გაწეული მხარდაჭერისთვის და შესაძლებლობისთვის, საკუთარი პოტენციალის რეალიზება უცხო ქვეყანასა და გარემოში მოეხდინა.

როგორც ორგანიზაციას, ჩვენ გვაქვს არასტაბილურ, დაუცველ პირობებში ეფექტიანი რეაგირებისა და სწრაფად ადაპტირების წარმატებული გამოცდილება. უკრაინაში ჩვენ დახმარებას ვუწევთ დაზარალებულებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მათი საჭიროებების შესაბამისად, მათ შორის ვეხმარებით ადამიანებს ფრონტის ხაზის არეალში, სადაც ვითარება უკიდურესად მძიმეა. თუმცა, გვესმის რა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ომის გამო უკრაინიდან გაქცეული ადამიანების მხარდაჭერა, საქართველოში 800-მდე პირს გავუწიეთ დახმარება. 

“ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს ფინანსურ დახმარებას, ბიზნესის მხარდაჭერას, სხვადასხვა სასწავლო კურსის შეთავაზებას, მათ შორის ქართული ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსებას და უნარ-ჩვევების განვითარებას სასურველი პროფესიების დასაუფლებლად“, - ამბობს პროექტის მენეჯერი გვანცა მიქაუტაძე.
ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფად რეაგირებას ცვალებად სიტუაციებზე, როგორიცაა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ თემებთან, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი დახმარების მაქსიმალური ეფექტიანობა და შედეგი.

ყველას მხარდაჭერით, ვინც წვლილი შეიტანა საჯარო სახსრების მობილიზებაში SOS უკრაინის ინიციატივის ფარგლებში, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მარჰარიტას, ოლენას და სხვა ასობით უკრაინელ ლტოლვილს საქართველოში. ჩვენ ვრჩებით ომის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის ერთგულნი და მადლობელი ვართ ყველასი, ვინც გვეხმარება, რადგან ერთად მეტის გაკეთება შეგვიძლია.

Autor: People in Need

მსგავსი სტატიები