ქართულმა LAG-ებმა ესტონეთში LINC კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

გამოქვეყნებული 25 სექ. 2019 წასაკითხი დრო 2 წუთი
EU supported Local Action Groups from Kazbegi, Lagodekhi and Borjomi attended LINC Conference in Estonia
© Foto: ENPARD Communication

2019 წლის 10 – 12 სექტემბერს, ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციები: „მერსი ქორფსი“, „ქეა“ და „ფიფლ ინ ნიდ“, რომლებიც ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ENPARD-ის პროექტს “სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში” და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები მონაწილეობას იღებდნენ ლიდერ მიდგომის გარშემო გაერთიანებული საზოგადოების-LINC კონფერენციაში, ესტონეთში.

LINC არის ევროპული LEADER კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც ევროპული გამოცდილების გაზიარება თანხვდება სპორტული ღონისძიებებისა და ევროპული კულინარიის ერთობლივ დემონსტრირებას. ის წარმოადგენს LAG-ებისა და ავსტრიის, გერმანიის, ესტონეთისა და ფინეთის სოფლის განვითარების კავშირების ინიციატივას. კონფერენცია ევროპული LEADER მიდგომის გამოყენებით სოფლის განვითარებისათვის მიღწეული შედეგებისა და ინოვაციური მეთოდების წარმოჩენას, LEADER მიდგომის განმახორციელებელი ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის პროფესიული გამოცდილების გაცვლასა და საერთაშორისო თანამშრომლობისათვის კავშირების ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად.

LINC 2019 ქალაქ პარნუში მონაწილეების შეკრებითა და ტრადიციული საზეიმო მარშით გაიხსნა. მომდევნო დღეს კონფერენციის მონაწილეები სასწავლო ტურის ფარგლებში პარნუში მიმდინარე პროექტებსა და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო თანამშრომლობის კუთხე, სადაც მონაწილეებს შეეძლოთ ერთობლივად ემსჯელათ და შეემუშავებინათ საპროექტო იდეები მომავალი თანამშრომლობისათვის.

ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ასევე მონაწილეობა მიეღოთ სპორტულ აქტივობებსა და ინტერაქტიულ თამაშებში.

ქართული დელეგაციისათვის ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ LINC კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაში. ბორჯომის პროექტის მენეჯერმა, მიხეილ ლომიძემ, წარადგინა პრეზენტაცია პროექტის მიღწევებთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტში, რამაც მონაწილეების მხრიდან დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა. 


,,ბორჯომის განვითარების ჯგუფი უკვე მეორე წელია მონაწილეობას იღებს LINC კონფერენციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, აუცილებელიცაა. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, გავიცნოთ სხვადასხვა ქვეყნის ლაგების წარმომადგენლები, ავიღოთ მათგან საუკეთესო მაგალითები, თუ როგორ განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა წარმატებულად და რაც მთავარია, გავუზიაროთ ერთმანეთს საპროექტო იდეები მომავალი პოტენციური თანამშრომლობისათვის. ‘’ – განაცხადა ბორჯომის განვითარების ჯგუფის წევრმა ლანა ჩადუნელმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროექტი „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში” ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციების: „მერსი ქორფსის“, „ქეასა“ და „ფიფლ ინ ნიდ“-ის მიერ ხორციელდება ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. პროექტის მიზანს საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევა, დასაქმება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს,ადგილობრივ განვითარებაში მონაწილეობის და თანამშრომლობის ისეთი მოდელის შემოღებით, რომელიც ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება. პროექტი ხელს უწყობს არასასოფლო-სამეურნეო საწარმოების გაფართოებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო სექტორის მოდერნიზებას, რათა გაზარდოს შემოსავლის მოცულობა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge

Autor: ENPARD Communication, Communication Unit

მსგავსი სტატიები