პროექტის „ახალგაზრდებისა და დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება დემოკრატიული ჩართულობისთვის საქართველოში“ პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა

გამოქვეყნებული 18 დეკ. 2025 წასაკითხი დრო 2 წუთი

პროექტის „ახალგაზრდებისა და დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება დემოკრატიული ჩართულობისთვის საქართველოში,” რომელიც ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის ეგიდით და მხარდაჭერილია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.

პროექტის „ახალგაზრდებისა და დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება დემოკრატიული ჩართულობისთვის საქართველოში“ პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა
© Foto: Ramaz Chichinadze

პროექტი მიზნად ისახავდა, როგორც რეგიონალური მედიის პროფესიული განვითარების, ისე ახალგაზრდებში მედიაწიგნიერებისა და აქტიური მოქალაქეობის გაძლიერებას, წარმატებით განხორციელდა და მოიცვა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობები.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგების ციკლი რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის, რომელიც ფოკუსირებული იყო თანამედროვე ჟურნალისტიკის მნიშვნელოვან თემებზე. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და პრაქტიკული უნარები მულტიმედია ჟურნალისტიკასა და ციფრულ თხრობაში, დეზინფორმაციის ამოცნობასა და ფაქტების გადამოწმებაში, ასევე პროფესიულ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაში. ტრენინგებმა ხელი შეუწყო რეგიონულ მედიაში ხარისხიანი, სანდო და ინოვაციური კონტენტის შექმნას.

პროექტის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდებთან მუშაობა იყო. ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით ჩატარდა ვორკშოპები ქვემო-ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონეში, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარა კრიტიკული აზროვნების, სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიული ღირებულებების გააზრებაში. შეხვედრებს საერთო ჯამში 145-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. ვორკშოპების თემატიკა მოიცავდა მედიაწიგნიერებას, სამოქალაქო ჟურნალისტიკას, აქტიურ მოქალაქეობას, დემოკრატიულ პრინციპებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელსა და შესაძლებლობებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია აქტიური მოქალაქეობის თემაზე ჩატარებული ვორკშოპი, რომელსაც ჩეხი ექსპერტი, ორგანიზაცია „აგორას“ ყოფილი ხელმძღვანელი, ივანა ბურსიკოვა უძღვებოდა. მისმა გამოცდილებამ და პრაქტიკულმა მაგალითებმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, უკეთ გაეაზრებინათ მოქალაქის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში და საკუთარი ჩართულობის მნიშვნელობა ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.

პროექტის მენეჯერის შეფასებით, განხორციელებულმა აქტივობებმა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა სამიზნე თემში მცხოვრებ ახალგაზრდებს. „პროექტმა ნათლად დაგვანახა, რამდენად დიდია საჭიროება ახალი ცოდნითა და უნარებით გავაძლიეროთ როგორც მედიის წარმომადგენლები, ისე ახალგაზრდები, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ამგვარი შესაძლებლობები საკმაოდ მცირეა,“ - აღნიშნა თეონა ფურცხვანიძემ. მისივე თქმით, ტრენინგებისა და ვორკშოპების ფორმატმა, ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, შექმნა უსაფრთხო და ინტერაქტიული სივრცე, სადაც მონაწილეებს შეეძლოთ გამოცდილების გაზიარება და ახალ იდეებზე მუშაობა. პროექტის მენეჯერმა ხაზი გაუსვა ჩეხი ექსპერტის, ივანა ბურსიკოვას ჩართულობას, რამაც პროექტს დამატებითი ღირებულება შესძინა და მონაწილეებს ჩეხური გამოცდილების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

ვორკშოპებთან დაკავშირებით ისაუბრეს ახალგაზრდებმაც. „პროექტმა მომცა არა მხოლოდ ახალი ცოდნა, არამედ ახალი ხედვებიც. მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ანალიტიკური თვალით შევხედო ყველაფერს, რასაც ვხედავ და ვკითხულობ. ახლა უკვე ვიცი, რომ სოციალური ქსელი მხოლოდ გასართობი სივრცე არ არის. იქ თითოეული სიტყვა, პოსტი და მოქმედება ჩვენს რეალურ ცხოვრებაზე აისახება,“ - აღნიშნა პროექტის მონაწილე ლიზა ჩადუნელმა.


ასევე პროექტის მონაწილე, დავით დვალიშვილის თქმით, იყო აქტიური მოქალაქე ნიშნავს იყო მეტად ჩართული თემის საქმიანობებში, გუნდურ მუშაობაში, იყო ინიციატორი და მოხალისეობრივი აქტივობები განახორციელო. ცვლილებები იწყება შენგან!

საერთო ჯამში, პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და აქტიური მოქალაქეობის გაძლიერებაში. მიღწეული შედეგები ქმნის მყარ საფუძველს მსგავსი ინიციატივების გაგრძელებისა და განვითარებისთვის მომავალშიც, რაც ხელს შეუწყობს ინფორმირებული და პასუხისმგებელიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას. 

Author: Ramaz Chichinadze, Communication and Advocacy Coordinator

მსგავსი სტატიები