უკრაინელთა დარდისა და მწუხარების ზამთარი საქართველოში

გამოქვეყნებული 21 დეკ. 2022 წასაკითხი დრო 2 წუთი
უკრაინელთა დარდისა და მწუხარების ზამთარი  საქართველოში
© Foto: დმიტრო კორინი

საქართველოში უკვე ზამთარი დადგა. თბილისში ბოლო ორი დღე თოვდა და ტემპერატურამაც საგრძნობლად იკლო. ამ დროს ყველანი ჩვენ, გამუდმებით ახალ ამბებს თვალს ვადევნებთ და განვიცდით უკრაინელების ბედს, რომლებიც უკვე ნულს ქვემოთ ტემპერატურის პირობებში არიან და რომელთა მდგომარეობაც კიდევ უფრო გააუარესა რუსეთის მიერ ელექტროენერგიის, როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულმა დაზიანებამ.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები საქართველოში ომის დაწყების დღიდან ჩამოდიან, მაინც ცოტა რამ თუ იწერება იმ 25 000 უკრაინელზე, რომლებმაც ვერ მოახერხეს მესამე ქვეყანაში გადასვლა_ მაგალითად როგორიცაა გერმანია ან კანადა. უკრაინელების უმეტესობა, რომლებიც აქ, საქართველოში დარჩნენ, აღმოსავლეთ უკრაინის ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიებიდან არიან და თვლიან, რომ არსებულ პირობებში უკან დაბრუნება შეუძლებელია. 


"თამარა" 71 წლის ბებიაა. ის ამჟამად სასტუმროში ცხოვრობს, რომელიც ფინანსდება უკრაინულ სამოქალაქო ორგანიზაციისა და People in Need (PIN) საქართველოს ერთობლივი პროგრამის "United Together" ფარგლებში. ამ წლის ოქტომბრამდე თამარა ზაპორიჟჟიაში მდებარე ქარხნის ლაბორატორიის ხელმძღვანელი იყო. მან 22 ნოემბერს დატოვა უკრაინა და სხვების მსგავსად, იმ გზას დაადგა რასაც ჩვეულებრივ გადიან ხოლმე ასეთ დროს: გადაკვეთა ყირიმი, რუსეთი და ბოლოს საქართველოს საზღვარი ლარსიში. საქართველოში თამარა თავის ყველაზე პატარა შვილიშვილთან ერთად არის. ამჟამად, გოგონა ონლაინ გაკვეთილებს თავის სკოლაში, უკრაინაში ესწრება, თუმცა მისი სასკოლო დღე შეფერხებებით მიმდინარეობს, ელექტროენერგიის ნაკლებობის ან სარაკეტო თავდასხმების გამო, რაც გავლენას ახდენს სკოლასთან ონლაინ დაკავშირებაზე. თამარას არ სურდა სახლის დატოვება და ეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი ქარხანა დაიხურა მიმდინარე ბრძოლების გამო. „რატომ? რის გამო დავიმსახურეთ ეს?" _ თითქოს არავის, ისე იკითხა თამარამ. მის ხმაში შეპარულმა სასოწარკვეთამ და თვალებიდან წამოსულმა ცრემლებმა ირგვლივ მყოფნი, ყველანი შეგვძრა.

სასტუმროში, სადაც თამარა გავიცანი, უკრაინელი ლტოლვილებისთვის ორი სართულია გამოყოფილი. საქართველოში მყოფი უკრაინელების საერთო მაჩვენებელთან შედარებით, ამ სასტუმროში მხოლოდ მცირე რაოდენობის განთავსებაა შესაძლებელი. ბევრ უკრაინელ ლტოლვილს, რომლებსაც მე ვესაუბრე, ურჩევნია იცხოვროს კომუნალურ გარემოში იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ესმით, რისი შემსწრენი იყვნენ და რას გამოექცნენ. იმ თანამემამულეებისგან განსხვავებით, რომლებიც გარემოებამ აიძულა საქართველოში კერძო აპარტამენტებში ეძიათ საცხოვრებელი, თამარას სასტუმრო თბილია და ახლახანს გარემონტებული. ყველა ოჯახს აქვს წვდომა სამზარეულოს ძირითად ინვენტარზე და შეუძლიათ ოთახებში საჭმლის მომზადება. უკრაინელმა ლტოლვილებმა იციან, რომ სასტუმრო მხოლოდ დროებითი გამოსავალია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და აქტივისტები უზრუნველყოფენ მათთვის თავშესაფარს მნიშვნელოვანი სახალხო დაფინანსებების გზით, როგორც კი ქართული საზოგადოების დახმარების შესაძლებლობები შემცირდება, ლტოლვილებს არჩევანი აღარ დარჩებათ. კითხვაზე, თუ რა იყო ალტერნატივა, იმის გათვალისწინებით, რომ საცხოვრებლის დაქირავება ახლა ძალიან ძვირია საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში,ლტოლვილების უმეტესობა დათანხმდა ამას და აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა ნიშნავდეს საქართველოდან წასვლას, პოტენციურად კი სახლში დაბრუნებას, დაბრუნებას შემდგომ დაუცველობასა და გაურკვევლობაში.

Autor: Sofia Janjua, სოფია ჯანჯუა, ქვეყნის დირექტორი, People in Need საქართველო

მსგავსი სტატიები